მაკო გომური

მაკო გომურმა შს მინისტრის და პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს მიმართა

მაკო გომური

2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა შს მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გომური ითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიციის შესახებ კანონში და სამართლებრივ აქტებში ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე ანიჭებს რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას.

"დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი წესის დაუცველად ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენებას, როგორიცაა არალეტალური იარაღი, არალეტალური ჭურვი. სადავო ნორმაში ნახსენები სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენება არ წარმოადგენს დავის საგანს" - წერია კონსტიტუციურ სარჩელში.

20 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევის დროს დაზარალებული სადავოდ მიიჩნევს  პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს და შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მინისტრის ბრძანების დანართს.  სარჩელის მიხედვით, ეს მუხლები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც "დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“

"რეზინის ტყვია არ არის არალეტალური სპეციალური საშუალება, ის არის ნაკლებად ლეტალური საშუალება, იმიტომ რომ მას შეიძლება ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი მოჰყვეს, მათ შორის, ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებაც, როგორც ეს მოხდა 20 ივნისს არა მარტო მაკო გომურის, არამედ სხვა დემონსტრანტებთან მიმართებაშიც. პრობლემა არის ის, რომ რიგითობას კანონმდებლობა არ ადგენს.

ასევე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რა პირობებში უნდა იყოს ეს საშუალება გამოყენებული. მაგალითად, არ შეიძლება მისი რიკოშეტის ეფექტით გამოყენება, როდესაც მყარ ზედაპირს ეხება და იფანტება, შესაძლოა, მოხვდეს იმ ადამიანსაც, რომელიც ძალადობრივ ქმედებაში არ არის ჩართული. არ შეიძლება სახურავიდან მისი სროლა, იმიტომ რომ არსებობს ადამიანის თავის დაზიანების საფრთხე. დისტანციაზეც არის, რომლის სროლაც არ შეიძლება 20 მეტრზე ნაკლებ ზედაპირზე. არის რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვია, რომელიც 20 მეტრზე სროლის შემთხვევაშიც კი სასიკვდილო შედეგს იწვევს და ამ ტიპის რეზინის ტყვიები არის აკრძალული. ასეთი ტიპის რეგულაციები არ არის გაწერილი არც კანონში, არც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში" - თქვა საიას იურისტმა გიორგი ონიანმა ფორმულასთან საუბარში. 

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

კომენტარები