აშშ-შვედეთი

აშშ-მ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტერსონი

აშშ-მ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 

"შვედეთი ძლიერი და თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორია, რომელიც იბრძვის NATO-ს ღირებულებებისთვის და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს NATO-ს, როდესაც მისი გაწევრიანება დასრულდება. შვედეთის გაწევრიანება ჩვენს ერთიან თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს და გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას, გავუმკლავდეთ ევროატლანტიკურ სფეროში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს". – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

პენტაგონის მიხედვით, შეთანხმების შედეგად გაძლიერდება სამხედრო სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და აშშ-ს შორის, რაც, საშუალებას მისცემს ქვეყნებს, ჩაატარონ ერთიანი სამხედრო წვრთნები.

გავრცელებულ განცხადებაში, მხარეები რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებაზეც საუბრობენ. 

შვედეთმა ფინეთთან ერთად NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს შეიტანა. ფინეთი ალიანსის წევრი მიმდინარე წლის 4 აპრილს გახდა. შვედეთის NATO-ში გაწევრიანება გაიწელა, ვინაიდან თურქეთმა და უნგრეთმა მისი გაწევრიანების რატიფიცირება ჯერჯერობით არ მოახდინეს. იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს.

თუმცა, 29 ნოემბერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის ინფორმაციით, თურქეთმა შვედეთს შეატყობინა, რომ მის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას თურქეთის პარლამენტი მომდევნო კვირების მანძილზე მოახდენს.

"მქონდა ორმხრივი საუბარი ჩემ კოლეგასთან, თურქეთის საგარეო მინისტრთან, რა დროსაც მან მითხრა, რომ მისი მოლოდინით, რატიფიცირება მომდევნო კვირებში უნდა მოხდეს". – ამბობს ბილსტრომი.

ბილსტრომი ასევე დარწმუნებულია, რომ უნგრეთის მხრიდან რატიფიცირება დამოკიდებულია თურქეთის გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები