ჭიათურელი მაღაროელები

გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, 12 ივნისი
მაღაროელი / Facebook

გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულების თქმით, ისინი შესაბამისი ანაზღაურებით, ე.წ. ვახტურ რეჟიმსა და 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, რაც მათი მოთხოვნა იყო.

"იმ მოთხოვნების შესრულება, რაც დავაყენეთ, მიღწეულია. რაღაც დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილებაში მოვიდეს. დარკვეთის მაღარო მომდევნო თვიდან, იანვრიდან 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, რაც აქ დასაქმებული ადამიანების მოთხოვნა იყო. ეს ხალხი 12-საათიან გრაფიკზე რომ გადავიდოდა, სხვა 12 საათი მომუშავე ადამიანებთან შედარებით, ხელფასში აცდენა იყო, დაახლოებით, 9 ლარი. ესეც გასწორდება და 1-ლი თებერვლიდან ხელფასი ჩვეულებრივად, დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს გაუთანაბრდება". - თქვეს ჭიათურელმა მაღაროელებმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

გაფიცვის გამო, ჭიათურაში, დარკვეთის მაღარო 5 დღე გაჩერებული იყო.

ივნისში 3 000-მდე მაღაროელის გაფიცვის შემდეგ მათსა და Georgian Manganese-ს შორის მიღწეული შეთანხმებით, კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობდა, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევდა და ჰპირდებოდა, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდებოდა თანამშრომელთა ხელფასიც". 

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები