ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო ბულგარეთისა და უკრაინის შეთანხმებას უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდების საკითხზე. ინფორმაციას ბულგარული გამოცემა Novinite ავრცელებს.
აქამდე რუმენ რადევი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და მას ბულგარეთში პრორუსული პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. ბულგარეთის მთავრობა, პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვის მეთაურობით, უკრაინის აქტიური მხარდამჭერია.
ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 8 აგვისტოს სოფიაში და 13 ნოემბერს კიევში ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის. 22 ნოემბერს ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ბულგარეთის პარლამენტმა. შეთანხმება გულისხმობს ბულგარეთის კუთვნილი 100 ჯავშანტრანსპორტიორის უსასყიდლოდ გადაცემას უკრაინისთვის შესაბამის დამატებით ნაწილებთან ერთად.
ბულგარეთის პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვის თქმით, პარლამენტი შეძლებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.