დანით თავდასხმა

ნიუ-იორკში თავდამსხმელმა დანით 4 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლა

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ჯეფ მადრი თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე
ნიუ-იორკში დანით თავდამსხმელმა 4 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლა

ნიუ-იორკის ქუინსის ოლქში თავდამსხმელმა დანით ოთხი ადამიანი მოკლა. მსხვერპლს შორის ორი ბავშვია.

პოლიციის თქმით, 911-ში ზარი ქუინსის ფარ როკევეის უბნიდან 3 დეკემბრის დილის საათებში შევიდა. დახმარებას ახალგაზრდა ქალი ითხოვდა და ამბობდა, რომ მისი ბიძაშვილი მისი ოჯახის წევრებს ხოცავდა.

მისამართზე ორი პოლიციელი გაგზავნეს. მათ ადგილზე დაინახეს კაცი, რომელიც ბარგით ხელში გამოდიოდა ცეცხლმოკიდებული სახლიდან. ოფიცრებმა კაცთან დალაპარაკება სცადეს, თუმცა მან დანა ამოიღო და ერთი პოლიციელი გულმკერდის არეში, მეორე კი თავში დაჭრა.

ერთ-ერთმა დაშავებულმა ოფიცერმა იარაღის ამოღება, კაცისთვის სროლა და მისი დაჭრა მოახერხა. ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მეტი პოლიციელის გაგზავნის შემდეგ, სახლთან დაჭრილი 11 წლის გოგონა იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ადგილზე მისვლისა და ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი სახლში კიდევ სამი ცხედარი იპოვეს. ისინი 12 წლის ბიჭს, 44 წლის ქალს და 30 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.

თავდასხმის კიდევ ერთი მსხვერპლი, 61 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ყველა მსხვერპლი ჭრილობების მიყენების შედეგად გარდაიცვალა. ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის სავარაუდო იარაღი, სამზარეულოს სტეიკის დანა.

ნიუ-იორკის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი 39 წლის კორტნი გორდონი იყო. ის წარსულში ოჯახში ძალადობისთვის იყო დაკავებული. თავდასხმის დროს მამაკაცი თავის ოჯახის წევრებთან სტუმრად იმყოფებოდა.

კომენტარები