თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო TV პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თავდაცვის სამინისტრო TV პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება. TV პირველის მტკიცებით, ჯარს ვადაგასული და საკვებად გამოუსადეგარი პროდუქტით ამარაგებენ, სპეციალურ სიუჟეტში გაფუჭებული საკვების ფოტომასალა იყო ნაჩვენები.

სამინისტროს განმარტებით, ჯარში კვებისა და უნიფორმის კონტროლი 2020 წლიდან გაძლიერდა და მზად არიან "ნებისმიერ დროს, წინასწარ, ობიექტის დასახელების გარეშე დაინტერესებულ მხარესთან ერთად ჩაატარონ კვების მონიტორინგი".

"ტელეკომპანია პირველი აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. როდესაც აღნიშნულმა ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრებზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა, უწყებამ ეს უპასუხოდ დატოვა, თუმცა ახლა საქმე ეხება ქართულ ჯარს და სახეზეა ჯარის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ამჯერად, ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ.

აღნიშნულ სიუჟეტში სამწუხაროდ გამოყენებული იყო აბსოლუტურად ობიექტური წყაროს და ფაქტების დასახელების გარეშე ცრუ ინფორმაცია.

ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე დეპარტამენტის შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვანდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები