საქართველო-აშშ

საქართველომ სასაზღვრო დაცვა უნდა გააძლიეროს – სახდეპის ანგარიში

Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ მხრივ არსებული ხარვეზებია განხილული. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს სასაზღვრო დაცვის გაძლიერება სჭირდება.

"იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ". - ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ს სახდეპი ასევე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მთავრობას საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებით დასახმარებლად თხოვნით მიმართა. 

"სასაზღვრო პოლიცია პატრულირების გზით აკონტროლებს საქართველოს მწვანე საზღვრებს  65 სასაზღვრო პუნქტიდან, რომელთაგან დაახლოებით 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია - არაადეკვატურია მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებლად. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალ სიმაღლეზე მდებარე მონაკვეთები ვერ იქნება დაცული ზამთრის თვეებში, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღია მდგომარეობაში ტოვებს". -  წერია სახდეპის ანგარიშში.

მეორე მხრივ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მუშაობა გააგრძელა და იქ საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ტრენინგებში აქტიურ მონაწილეობას იღებს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. სახდეპის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-სთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთოსთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან.

კომენტარები