აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან ნიუ-იორკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯორჯ სანტოსი გააძევეს.
სანტოსის წინააღმდეგ წარდგენილი მოხსენების მიხედვით, მას პოლიტიკური კამპანიისას მიღებული შემოწირულობების საკუთარი მიზნებისთვის დახარჯვაში ადანაშაულებენ.
გადაწყვეტილებას, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ორი მესამედის თანხმობას საჭიროებდა, 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 114 კი სანტოსის გაძევების წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრამდე სანტოსი წარმომადგენელთა პალატაში გამართული დებატების დროს საკუთარ ინტერესებს თავადვე იცავდა და თავის პოზიციას პრესკონფერენციებისა და ინტერვიუების საშუალებითაც გამოხატავდა.
"არ გავჩუმდები. აქ ნიუ-იორკის მესამე რაიონის მოსახლეობამ გამომგზავნა. თუ გინდათ, რომ აქედან გავიდე, მაშინ ამ ხალხის გაჩუმება მოგიწევთ". - თქვა სანტოსმა პალატაში გამართული დებატების დროს. კენჭისყრამდე მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გაძევების შემთხვევაში, კანონმდებლები ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებენ.
აქამდე წარმომადგენელთა პალატიდან მხოლოდ 5 კონგრესმენი იყო გაძევებული. მათგან სამი სამოქალაქო ომის დროს, კავშირისადმი არალოიალობის გამო გააძევეს. ორი კი მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სასამართლოებმა ისინი დამნაშავეებად ცნეს.