ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვას 4 დეკემბრიდან იწყებს

4 დეკემბრიდან ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვას იწყებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით მიიღო

"ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.

ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან". - ნათქვამია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სებ-ი ასევე აღნიშნავს, რომ ოქროს სერტიფიკატის მფლობელს მისი გაყიდვა მეორედ ბაზარზე და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება შეეძლება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ოქროს სერტიფიკატის ფასი, რომლის შეძენა კომერციულ ბანკებში იქნება შესაძლებელი, ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად დადგინდება/შეიცვლება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდის სერტიფიკატის ფასები და გასაყიდი რაოდენობა

სებ-ი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ და მათი სინჯი არის უმაღლესი - 999.9.

ეროვნული ბანკის მიხედვით, ოქროს სერტიფიკატებსა და ოქროს ზოდებს 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალი ექნება. 20 გრამის შესაბამისი სერტიფიკატების გასაყიდი რაოდენობა 100, ხოლო 1 კგ-ს 10 ცალი იქნება. მათი ფასები კი განახლდება ყოველი სამუშაო დღის 10:00 საათამდე.

ეროვნული ბანკი

ამასთან, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი, ხოლო 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა სებ-ის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი.

"მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება". - ვკითხულობთ სებ-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები