ლაშა შუშანაშვილი

მედია: ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთის ციხიდან გაათავისუფლეს

Eurokinissi, THROUGH LIGHT

ბერძნული მედია ათენის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ლაშა შუშანაშვილი, იგივე ლაშა რუსთავსკი ციხიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, ბერძნული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოში გამოცხადება დეკემბერში ისევ მოუწევს. მედიის ინფორმაციითვე, შუშანაშვილი ორგანიზებული დანაშაულების გარდა, სხვადასხვა დროს ბრალდებული იყო მკვლელობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში. 

ეს მისი გათავისუფლების მეორე შემთხვევაა - შუშანაშვილი პირველად 2015 წელს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით გაათავისუფლეს. თუმცა, იგი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაგრძელების გამო 2018 წელს სალონიკში კვლავ დააკავეს.

მანამდე, სამართალდამცველებმა შუშანაშვილი პირველად 2012 წელს საბერძნეთში დააკავეს. იგი 2010 წლიდან, მას შემდეგ იძებნებოდა, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე ათეული კრიმინალი დააკავეს, მათ შორის ლაშა შუშანაშვილის ძმა კახაბერ შუშანაშვილიც, ის ესპანეთში აიყვანეს. საბერძნეთში მყოფმა ლაშა შუშანაშვილმა მაშინ მიმალვა შეძლო.

იმ დროისთვის შუშანაშვილი საქართველოს მიერაც იძებნებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ლაშა შუშანაშვილს "კანონიერი ქურდობისა" და გამოძალვის ბრალდებები დაუსწრებლად წარედგინა.

2017 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 10 ე.წ კანონიერი ქურდისა და მათთან დაკავშირებული 2 პირის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. სანქცირებულთა სიაში მოხვდა ლაშა შუშანაშვილიც. 

კომენტარები