კრიმინალი

საბერძნეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

საბერძნეთში ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი ერთ-ერთ  ფეშენებელურ სასტუმროში,  დაცვასთან ერთად  დააკავეს. შუშანაშვილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ქართველი კრიმინალი საბერძნეთში ყალბი რუსული პასპორტით იმალებოდა.დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ლაშა შუშანაშვილი 2010 წლიდან , მას შემდეგ იძებნება, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე ათეული კრიმინალი დააკავეს, მათ შორის ლაშა შუშანაშვილის ძმა კახაბერ შუშანაშვილიც, ის ესპანეთში აიყვანეს. საბერძნეთში მყოფმა ლაშა შუშანაშვილმა მაშინ მიმალვა შეძლო.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით,  ლაშა შუშანაშვილს "კანონიერი ქურდობისა" და გამოძალვის ბრალდებები დაუსწრებლად წარედგინა.

 საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა შუშანაშვილის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. "ინტერპრესნიუსს"  მან  განუცხადა, რომ  შუშანაშვილი საბერძნეთში შვიდ თანამზრახველთან ერთად დააკავეს.  ხიზანიშვილის ცნობით, შუშანაშვილი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ეძებდა როგორც ქართული, ასევე ესპანური მხარე. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტს თუ რომელ ქვეყანაში მოხდება შუშანაშვილის ექსტრადირება.

 საბერძნეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი საქართველოს სამართალდამცავების მიერ იძებნება. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შუშანაშვილი ა ძებნილადაა გამოცხადებული ესპანეთის მიერაც, შესაბამისად, ექსტრადიციას მოითხოვს როგორც საქართველო, ასევე ესპანეთი.

 ვინაიდან ესპანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მას ენიჭება უპირატესი მოთხოვნის უფლება, აღნიშნა ნინო კალანდაძემ,  თუმცა მან არ გამორიცხა შუშანაშვილის  საქართველოში   ექსტრადიციის შესაძლებლობაც. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ასევე საქართველოს წარმომადგენლობა ესპანეთში.

 

კომენტარები