თავდასხმა დუბლინში

დუბლინში მომხდარი თავდასხმის გამო გამართული აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

მანქანა, რომელსაც დუბლინში აქციის დროს ცეცხლი წაუკიდეს
PA Media

დუბლინში მომხდარი თავდასხმის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეები პოლიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. 

აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და პოლიციას ფოიერვერკი ესროლეს. 

BBC-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

პოლიციის თქმით, შექმნილი სიტუაცია "შეშლილი, ხულიგანი ფრაქციის ბრალია, რომელსაც ულტრამემარჯვენე იდეოლოგია ამოძრავებს". დუბლინში არეულობის მომწყობი პირები პოლიციას დანაშაულის ადგილის საზღვრის დაცვაში ხელს უშლიდნენ. 

23 ნოემბერს დუბლინში, სკოლასთან ახლოს 3 ბავშვი და დაახლოებით 30 წლის ქალი დანით დაჭრეს. ბავშვებს შორის არიან 5 წლის ბიჭი და ორი გოგონა - 5 და 6 წლის ასაკის.

ბიჭი საავადმყოფოდან გაწერეს, ერთ-ერთ გოგოს კი სასწრაფო დახმარება უტარდება. ზრდასრული ქალი ასევე სერიოზულად დაშავდა და იგი საავადმყოფოში იმყოფება. 

დანაშაულის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და ვარაუდობს, რომ დამნაშავე შუახნის კაცია. არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მასაც აქვს მიყენებული და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ.

ირლანდიის პოლიციის თქმით, თავდასხმა სავარაუდოდ არაა ტერორიზმთან დაკავშირებული და მას ფართო კონტექსტი არ გააჩნია. 

კომენტარები