რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემა შემაშფოთებელია

mobtada.com

თეთრ სახლში ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების რუსეთისათვის გადაცემის შესაძლებლობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ . აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, ირანი დიდი ხანია ამარაგებს რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებითა საარტილერიო შეიარაღებით. ამავდროულად, თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ ირანმა შესაძლოა გააძლიეროს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა. 

კირბიმ ხაზი გაუსვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტს ირანში, რომლის დროსაც ირანულმა მხარემ შოიგუს ბალისტიკური შეიარაღება წარუდგინა.

"შემაშფოთებლად მიგვაჩნია ირანსა და რუსეთს შორის უპრეცედენტო სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც ირანის განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების უკრაინის ომში გამოსაყენებლად გადაცემის შესაძლებლობას, რის საპასუხოდაც რუსული მხარე ირანს საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო ელექტრონიკის სფეროში დახმარებას სთავაზობს". – თქვა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, ირანმა უკვე დაადასტურა რუსული წარმოების su-35-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვაზე მოლაპარაკებების დასრულება, რომლის შემდეგაც ისინი რუსეთიდან დამატებითი შეიარაღების, მათ შორის მოიერიშე ვერტმფრენების, რადარებისა და სხვა ტიპის საჰაერო შეიარაღების შესყიდვას განიხილავენ. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, საერთო ჯამში, ირანი საკუთარი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად რუსეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების შეძენას განიხილავს, ამასთანავე რუსეთი ირანს სატელიტურ და სხვა კოსმოსურ პროგრამებშიც უწევს დახმარებას. 

თეთრი სახლის შეფასებით, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა არამხოლოდ უკრაინისთვისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ - მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის საზიანო და საფრთხისშემცველია. 

კომენტარები