ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იემენელი ჰუსიტები სატვირთო გემის გატაცების ვიდეოს ავრცელებენ (VIDEO)

იემენელი ჰუსიტები სატვირთო გემ Galaxy Leader-ზე

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადავიდნენ ჰუსიტების შეიარაღებული ტერორისტები ვერტმფრენის მეშვეობით სატვირთო ხომალდ Galaxy Leader-ზე.

ვიდეომასალას ტერორისტული ორგანიზაციის სატელევიზიო არხი Al Masirah ავრცელებს. ვიდეოში ათი შეიარაღებული ჰუსიტი იარაღის მუქარით კაპიტნის ხიდზე შეღწევას ახერხებს, რის შემდეგაც მათ ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს და გემს იემენისკენ გაცურვა აიძულეს.

იემენელმა ჰუსიტებმა Galaxy Leader-ი 19 ნოემბერს გაიტაცეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, ის თურქეთიდან ინდოეთისკენ მიცურავდა. Reuters-ის მიხედვით, გატაცების დროს გემის ეკიპაჟი 25 წევრისგან შედგებოდა.

ისრაელი უარყოფს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სატვირთო ხომალდი ისრაელურია. მათი თქმით, სატვირთო გემი ბრიტანული კომპანიის ქვეშ არის დარეგისტრირებული, რომლის წილსაც ისრაელელი მაგნატი აბრაამ უნგარი ფლობს, თუმცა ამ დროისთვის გემის მართვა იაპონურ კომპანიას აქვს იჯარით აღებული.

19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა.


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები