ბელარუსი

ლუკაშენკოს პოლიტიკის გასაპროტესტებლად ბელარუსმა აქტივისტმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

ალექსანდ ვაიცეშიკი

უფლებადაცვითი ორგანიზაცია Viasna-ს ინფორმაციით, ბელარუსმა აქტივისტმა, ალექსანდრ ვაიცეშიკმა 16 ნოემბერს ლუკაშენკას რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად ციხეში შიმშილობა დაიწყო.

Viasna-ს თქმით, ვაიცეშიკმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ბელარუსის ქალაქ ბარანავიჩიში მას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აქტივისტი 9 ნოემბერს შეიარაღებულმა პირებმა თავის სახლთან დააკავეს, იმავე დღეს კი სხვა 10 ოპოზიციონერი აქტივისტიც დაიჭირეს. ამასთან, ვაიცეშიკის სახლის ჩხრეკისას მისი ლეპტოპი და ტელეფონიც ამოიღეს.

აქტივისტი გაასამართლეს "ექსტრემისტული მასალების გავრცელების" ბრალდებით, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ბოლო წლებში აქტივისტების დასაკავებლად ხშირად იყენებს.

Viasna-ს ცნობით, სამხრეთის ქალაქ მოზირში კიდევ ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვლადიმირ ცელიაპუნი დღეს, 16 ნოემბერსაც დააკავეს. ბელარუსში ამჟამად გისოსებს მიღმა 1450-მდე პოლიტპატიმარია, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატი და ადამიანის უფლებების აქტივისტი, ალეს ბიალიაცკი.

კომენტარები