ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეწვია. ორი პრეზიდენტი ერთმანეთს სან ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შეხვდა.
ჯო ბაიდენის თქმით, მის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის მიზანი იყო, რომ ერთმანეთისთვის უკეთესად გაეგოთ და სხვადასხვა საკითხზე პოზიციები გაეცვალათ.
"როგორც ყოველთვის, პირისპირ კომუნიკაციას შემცვლელი არ აქვს" - თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის სიტყვებით, ორივე ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა უნდა დარწმუნდეს, რომ კონკურენცია არ გულისხმობს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტს.
მოგვიანებით სი ძინფინგმა თქვა, რომ პლანეტა დედამიწა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე სახელმწიფომ წარმატებას მიაღწიოს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ლიდერებს შორის საუბარი, სავარაუდოდ, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის ტესტებს, რუსეთ-უკრაინის ომს, ისრაელის ომს ჰამასთან, ტაივანის სრუტესა და უიღურების უფლებრივ მდგომარეობას. ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერები ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის ნოემბერში შეხვდნენ.