თბილისის მერია

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას 15 დეკემბერს ვგეგმავთ – კალაძე

თბილისის მთავარი ნაძვის ხე 2022 წელს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რუსთაველზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბერს იგეგმება. კალაძის განცხადებით, დედაქალაქი 2024 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება.

"თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. 30-ზე მეტ ქუჩაზე ილუმინაციები უკვე განთავსდა. ახალი წლის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ამ დღეებს უამრავი ადამიანი ელოდება. დიდი თუ პატარა, ყველა გახარებულია. დედაქალაქის მთავარი გამზირი, რუსთაველი ახალი განათებებით დეკემბრის დასაწყისში მოირთვება [...] თბილისი 2024 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. როგორც იცით, გასულ წელს ნაძვის ხეს ფეიერვერკი ესროლეს, ცეცხლი მოეკიდა და ის სახანძრომ ჩააქრო. თუმცა, ნაძვის ხე მაინც დაზიანდა, ამიტომ ახლის ყიდვა მოგვიწია. 

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას 15 დეკემბერს ვგეგმავთ. იქნება კონცერტი. მომდევნო დღეს, 16 დეკემბერს საახალწლო სოფლის გახსნა იგეგმება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში განთავსდება. საახალწლო გალა კონცერტი კი 31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა საახალწლო ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.

კომენტარები