ინდოეთი - რუსეთი

რუსეთმა ინდოეთს იგლას ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცა

რუსეთსა და ინდოეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ინდოეთმა იგლას ტიპის პორტატიულ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების ლიცენზია მიიღო. ინდოეთი მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორია და რუსეთი დღემდე რჩება მის მთავარ მიმწოდებლად.  

"ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც კერძო ინდურ კომპანიასთან ერთად ვიწყებთ  Igla-S MANPADS-ის ინდოეთში წარმოებას" – რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, თქვა რუსული იარაღის მთავარი ექსპორტიორი კომპანიის, Rosoboronexport წარმომადგენელმა ალექსანდრ მიხეიევმა.

სტოქჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით 2018-2022 წლებში ინდოეთში სამხედრო ნაწარმის  45% რუსეთიდან, 29% საფრანგეთიდან, ხოლო – 11$% აშშ-დან იყო იმპორტირებული. 

"Rosoboronexport მუშაობს ინდურ კერძო და სახელმწიფო უწყებებთან საავიაციო შეიარაღების წარმოებასა და ახალი იარაღის არსებულ საჰაერო ფლოტში ინტეგრაციაზე" – წერს Reuters რუსულ სახელმწიფო მედია RIA-ზე დაყრდნობით.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია პროექტში ჩართული კომპანიებისა და წარმოების დაწყების თარიღის შესახებ. რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მიაწოდეს Su-30MKI მოიერიშე თვითმფრინავები, ტანკები და ჯავშანტექნიკა. 

ინდოეთსა და რუსეთს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლის დასაწყისიდან ისინი უკვე აწარმოებენ AK-203 კალაშნიკოვის ტიპის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. 

კომენტარები