აბრაამის შეთანხმება

აბრაამის შეთანხმება – პროცესი, რომლის საბოტაჟსაც ირანი ცდილობს

აბრაამის შეთანხმება

აბრაამის შეთანხმება – პროცესი, რომლის საბოტაჟსაც ირანი ცდილობს

2020 წლის სექტემბერში არაბულ სამყაროში მშვიდობის დამყარების იმედი გაღვივდა - ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი  ოფიციალური ნაბიჯია. ათწლეულების მანძილზე, როდესაც არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის ომები რეგიონის გეოპოლიტიკას აყალიბებდა, წარმოუდგენელი იყო იმის დაშვებაც კი, რომ წლების შემდეგ ისრაელი და არაბული ქვეყნები ერთმანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენდნენ

“ჩვენ, ხელმომწერები, ვცნობთ ახლო აღმოსავლეში და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების და შენარჩუნების მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია, როგორც თანაარსებობის საერთო გაგებაზე, ასევე ადამიანის ღირსების და თავისუფლების, მათ შორის რელიგიური თავისუფლების, პატივისცემაზე” - ასე იწყება აბრაამის შეთანხმების დეკლარაცია. 

ბიბლიური აბრაამის შთამომავლების შემრიგებელი შეთანხმება ისრაელსა და ყურის არაბულ ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ 1973 წლის ქემფ დევიდის შეთანხმების შემდეგ სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი არ დაწყებულა, არაბული სახელმწიფოები ისრაელს არ აღიარებდნენ. აბრაამის შეთანხმების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ნავსი გატეხა და ამ ფორმატში გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოებრიობა ცნო. ამას მოჰყვა შემდგომი შეთანხმებები ბაჰრეინთან, სუდანთან და მაროკოსთან. შეთანხმებები მიზნად ისახავდა ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ახალი არქიტექტურის შექმნას, რომელიც რეგიონში ისრაელის ბუნებრივ ინტეგრაციას მოახდენდა. 

ამ გარღვევამ დაძრა ყინული სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებითაც. ისრაელმა დაიწყო თანამშრომლობა ეგვიპტესა და საუდის არაბეთთანაც (ეგვიპტემ ისრაელის სახელმწიფოობა გასულ საუკუნეში აღიარა). 2020 წლის მარტში ისრაელში ნეგევის სამიტი გაიმართა, სადაც ისრაელთან მოლაპარაკებები ეგვიპტემაც დაიწყო ენერგეტიკის, ვაჭრობის და სხვა საერთო ინტერესების შესახებ. 

აბრაამის შეთანხმებამ ისრაელს, ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის გახსნა შესაძლებლობების ფანჯარა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. სამივე ეს სახელმწიფო ირანს მთავარ გეოპოლიტიკურ საფრთხედ  აღიქვამს, საერთო საფრთხე კი, როგორც ადამიანებში, ისე სახელმწიფოებში ძალების გაერთიანების ინსტინქტს აჩენს. შეიძლება ითქვას, რომ უპირველესი გეოპოლიტიკური ფაქტორი, რამაც “დიდი შერიგების” პროცესი ადგილიდან დაძრა ირანის მზარდი გავლენებია, რომელიც, როგორც ისრაელისთვის, ისე არაბული ქვეყნებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. 

აღნიშვნის ღირსია ის, რომ აბრაამის შეთანხმებას და ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას განსაკუთრებით მხარს უჭერდა დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. შეთანხმებებს ხელი სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის იმ ოთხწლეულში მოეწერა, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები უკიდურეს დაძაბულობამდე მივიდა. 

პალესტინის საკითხი და ისრაელი - არაბული სამყაროს ურთიერთობების დინამიკაში

წლების მანძილზე მთავარი პრობლემა, რომლის გამოც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის დაახლოება რთულდებოდა, პალესტინის საკითხი იყო. პალესტინის მხარდაჭერა 1950-იანი წლებიდან იყო მთავარი ნიშა, რომლის დაკავებაც არაბულ სახელმწიფოს არაბული სამყაროს ლიდერობისთვის სჭირდებოდა. ამ ქვეყნებმა ათწლეულების მანძილზე ყველაფერი გააკეთეს, რომ პალესტინის პრობლემას, ახლა უკვე ტერორისტული მეთოდებით, ისრაელისთვის მუდამ ეარსება. ამის მიუხედავად, ისრაელი, როგორც სტაბილური, დემოკრატიული და კაპიტალისტური სამყაროს შუქურა რეგიონში, კომერციულად და სტრატეგიულად მიმზიდველია ახლო აღმოსავლეთის არც ისე დემოკრატიული მონარქიებისთვის. ათწლეულების განმავლობაში არაბული სამყაროს ფსონები პალესტინის საკითხზე მუდმივად იზრდებოდა, თუმცა საბოლოოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და თანამშრომლობა უფრო საინტერესო და სარგებლიანი აღმოჩნდა. 

აბრაამის შეთანხმება ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მრავალ ასპექტს ითვალისწინებდა, რამაც პალესტინას ბუნებრივად დააკარგვინა არაბული სახელმწიფოების ტრადიციული “ზურგი” , რომლებიც წლების წინ საკუთარი არაბული იდენტობის დასამტკიცებლად პალესტინის მხარდაჭერაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. პალესტინის მხარდაჭერისთვის გამოთავისუფლებული ადგილი ირანმა წარმატებით შეავსო და პალესტინის იდეა გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტამდე დაიყვანა

ნეგევის ფორუმზე ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ პალესტინელი ხალხის ცხოვრების პირობები იყო. აბრაამის შეთანხმების შემდეგ პალესტინელების საკითხი ისრაელისთვის უფრო მასშტაბური მნიშვნელობის გახდა, რადგან ამ თემას ისრაელის ახალ პარტნიორებთან ურთიერთობების გართულების გამოწვევა შეეძლო. 

აბრაამის შეთანხმებამდე ყველა არაბული სახელმწიფოსთვის მისასვლელი გზა განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ომანი და კატარი დე ფაქტო წლების განმავლობაში აღიარებდნენ ისრაელის სახელმწიფოებრიობას და მასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობდნენ, მათ უარი თქვეს აბრაამის შეთანხმებაში შესვლაზე. ამ უარის მიზეზი მათი დამოუკიდებელი კავშირებია ირანთან, რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაში ცალსახად ხელისშემშლელი ფაქტორია. 

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გამოძახილია. ბოლო წლებმა ნელ-ნელა გამოააშკარავა, რომ პალესტინის საკითხის წონა არაბული სახელმწიფოებისთვის იკლებს და ეს პირდაპირ კავშირშია ისრაელის, ერთი მხრივ დიდ შესაძლებლობებთან და მეორე მხრივ, მის მზაობასთან ბევრი რამის ფასად მიაღწიოს მშვიდობას რეგიონში. 

საუდის არაბეთი და ისრაელის დაახლოების პრობლემა ირანისთვის

ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის პროცესის განხილვისას საინტერესოა საუდის არაბეთის როლიც.  საუდის არაბეთი აბრაამის შეთანხმების ნაწილი არ გამხდარა, თუმცა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ურთიერთობა საუდის არაბეთის ტახტსა და ისრაელს შორის. 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო მოლაპარაკებები ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის უვადოდ გადაიდო

საუდის არაბეთი არა მხოლოდ სპარსეთის ყურის რეგიონის, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ეკონომიკა და ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა. საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაცია ის ზღვარია, რომლის მიღმაც ირანი რეგიონის პოლიტიკური დინამიკის შეცვლას ვეღარ შეძლებს. 

2023 წლის 12 ივლისს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში კომპიუტერული თამაშების ჩემპიონატზე ისრაელის ნაკრები ჩავიდა. ეს ღონისძიება იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საუდის არაბეთში ისრაელის ჰიმნი - ჰატიკვა გაჟღერდა და ნაკრების წევრებმა ისრაელის დროშა აღმართეს. 

7 ოქტომბერს საუდის არაბეთი ჰამასის თავდასხმამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთი მხრივ, ჰამასი რეგიონში ბევრისთვის პალესტინელების ბრძოლის სიმბოლოა და პალესტინელი ძმების მხარდაჭერა ყველა არაბული სახელმწიფოსთვის ბუნებრივია. მეორე მხრივ, საუდის არაბეთს ისრაელთან ურთიერთობების დათბობის ძალიან ფაქიზი და ნელი პროცესი დაწყებული აქვს, რომლის განადგურებასაც აშკარაა, რომ ირანი ცდილობს. 

ჰამასის თავდასხმის მეორე დღეს საუდის არაბეთის ტელევიზია Al Arabyia-მ გაუშვა საკმაოდ დაძაბული ინტერვიუ ჰამასის ლიდერ ხალედ მეშალთან. ჟურნალისტმა მეშალს კითხვა დაუსვა, თუ როგორ სჯეროდა, რომ არაბულ სამყაროსთან შეუთანხმებლად დაწყებულ ომში საუდის არაბეთისგან მხარდაჭერას მოიპოვებდა. ინტერვიუს ამოჭრილი მონაკვეთები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. 

საუდის არაბეთის გეოპოლიტიკური მიზნებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩამოიშოროს ჰამასი, როგორც პოლიტიკური აქტორი და საკითხი ისრაელი-პალესტინის მშრალ ჭრილში გადაწყვიტოს. მეორე მიზანია, რომ აირიდოს უფრო ფართო და მასშტაბური კონფრონტაცია ირანთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა რეგიონის ყველა ლოკალურ კონფლიქტში ერთმანეთის საწინააღმდეგო ბანაკებშია. საუდის არაბეთს ახლა ყველაზე ნაკლებად რეგიონული მასშტაბის ომი სურს, ამიტომაც ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთს არ სურს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შანსების განულება. პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, პოლიტიკურ ბეწვის ხიდს ჰგავს, თუმცა ბოლო სამ წელში ამ სიმბოლურ დაახლოებაშიც აშშ-ს, ისრაელისა და საუდის არაბეთის მხრიდან ზედმეტად დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმისათვის რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით განულდეს. 

ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის ეფექტი აბრაამის შეთანხმებაზე 

7 ოქტომბრის დილას ჰამასის ტერორისტულმა თავდასხმამ ისრაელზე საფუძვლიანად შეარყია ახლო აღმოსავლეთის ყველა პოლიტიკური დინამიკა. ათწლეულების განმავლობაში, თაობების მიერ მიღწეული აბრაამის შეთანხმება დიდი გამოწვევის წინაშე დადგა და თავდასხმის მთავარი დირიჟორის - ირანის მიზანიც შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს იყო. 

აბრაამის შეთანხმება იყო იმ დინამიკის სიმბოლო, რაც ერთ დროს დაუძინებელ მტრებს - ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს გეოპოლიტიკურ პარტნიორებად აქცევდა ირანის წინააღმდეგ. ირანი საკუთარი საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად რეგიონში შიიტურ თუ სუნიტურ ტერორისტულ ჯგუფებს იყენებს, რომელსაც თავად ქმნის, წვრთნის, აფინანსებს და მართავს. ირანის ტერორისტული საცეცები წყალქვეშა დინებებია, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის დინამიკის ოკეანის ფსკერზე მოძრაობენ და ყველაზე სწორ დროს ელოდებიან ზედაპირზე ამოსასვლელად. 

აბრაამის შეთანხმების უმთავრესი ელემენტი, რისი განადგურებაც ირანმა ჰამასის თავდასხმით სცადა, ის დაშვებაა, რომ ამ ურთულეს რეგიონში ოდესმე შესაძლოა მშვიდობა დამყარდეს. აბრაამის შეთანხმებაზე ხელმოწერით ისრაელმა და არაბულმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ დაიწყონ მიზანმიმართული და თანმიმდევრული სვლა მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ეფემერული ცნება რომ არაა ახლო აღმოსავლეთის მკვიდრმა ხალხმა კარგად იცის. 

ასევე, ისრაელი-ჰამასის მიმდინარე ომმა, რომელიც პირველ რიგში ირანის მიერ არის მართული, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის მოსაზრება, რომ პალესტინელების თემა სულ უფრო ნაკლებ ცოცხალი და მგრძნობიარე ხდება არაბული სამყაროსთვის. ყალბად თუ ავთენტურად, არაბული სახელმწიფოების ნაწილი ბუნებრივ ვალდებულებას გრძნობს ფორმალურად მაინც დაუჭიროს მხარი პალესტინელთა ბრძოლას, რაც არაბული მოსახლეობის სენტიმენტებითაა განპირობებული. ბუნებრივია, ამით უარესდება ძლივსდაწყებული ნორმალიზაციის პროცესი ისრაელთან. 

აბრაამის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში მართლაც დიდი გარღვევა იყო, თუმცა მას, ისევე, როგორც ყველა მონაპოვარს, შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება. აბრაამის შეთანხმების მასშტაბურობა უბრალოდ ფაქტია, თუმცა მისგან გამომდინარე კონკრეტული გეოპოლიტიკური შედეგების ეფექტების მინიმუმამდე დაყვანას ირანი მიზანმიმართულად ცდილობს იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში აბრაამის შეთანხმებიდან მხოლოდ სახელი დარჩეს.

კომენტარები