გაერთიანებული სამეფო

დევიდ კამერონი ბრიტანეთის პოლიტიკაში დაბრუნდა – სუნაკმა ის საგარეო მინისტრად დანიშნა

Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა 13 ნოემბერს ყოფილი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

რიში სუნაკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება კაბინეტის გადატვირთვის ფარგლებში მიიღო. მანამდე, მან დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრეივერმანი თანამდებობიდან მოხსნა.

დევიდ კამერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი 2010-2016 წლებში იყო. მან პრემიერის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმში მარცხი განიცადა. იგი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო და ამას აქტიურად ლობირებდა. გადადგომის შემდეგ იგი ბრიტანეთის პოლიტიკას ჩამოშორდა.

მალევე დევიდ კამერონმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) განცხადება გაავრცელა. კამერონის თქმით, იგი დათანხმდა რიში სუნაკის შემოთავაზებას, გამხდარიყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. განცხადებაში მან ასევე გაერთიანებული სამეფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

კომენტარები