საქართველო-რუსეთი

რუსეთში საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება სურთ

РИА Новости/Алексей Филиппов

რუსეთში საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა იზვესტია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ალექსეი საზანოვისადმი Росалкогольтабакконтроля-ის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსული გამოცემის ცნობით, უწყების წარმომადგენლებს კონიაკის მწარმოებლების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა სურთ, რადგან გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იმპორტირებული ნედლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით სირთულეები აქვთ. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს მთავრობაში განიხილავენ.

იზვესტია ასევე წერს, რომ დღეისათვის რუსეთში კონიაკის დისტილატის 70%-ზე მეტი იმპორტირებულია, ხოლო მისი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული დეფიციტშია. რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოდან იმპორტი ექვემდებარება უფრო მკაცრ კონტროლს: ფედერალური საბაჟო სამსახური კონიაკის დისტილატების თითოეულ პარტიას უშვებს მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებისა და შესაბამისი გადამოწმების შემდეგ, რის გამოც საქართველოდან რუსეთში ნედლეული სომხეთიდან და ყაზახეთიდან შედის. 

"კონიაკის დისტილატის მიწოდება უშუალოდ საქართველოდან, შუალედური ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების, ასევე სატრანზიტო ქვეყნების (როგორიცაა სომხეთი) გარეშე, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია". - აღნიშნავენ Росалкогольтабакконтроля-ის წარმომადგენლები.

კომენტარები