საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: პრემიერის განცხადებამ გამახარა, ეს ევროკომისიის ზუსტ გადაწყვეტილებას ნიშნავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

France24-თან მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკომისიამ "ძალიან ზუსტი" გადაწყვეტილება მიიღო, რადგან რეკომენდაციის ფონზე პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალებიც იძულებულები იქნებიან, ევროპულ ტალღას აჰყვნენ. მან ამ მიზეზითვე ახსნა  "პრორუსულად მიჩნეული" პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სტატუსის მოპოვების "ისტორიულ გამარჯვებად" მოხსენიება.

"ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ..." – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველო ევროინტეგრაციის გზას უფრო მტკიცედ გააგრძელებს და პოლიტიკურ პროცესში ევროპის ჩართულობაც გაიზრდება. 

"ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც "საბოლოო ანგარიშსწორება", არამედ როგორც "strings attached", უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე". – თქვა ზურაბიშვილმა.

შეუსრულებელი მოთხოვნების მიუხედავად, ზურაბიშვილი თვლის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია "ფავორიტიზმის" გამოვლინება არ ყოფილა. სხვა ფაქტორებთან ერთად ის ხაზს უსვამს, რომ მსგავსი რამ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც მომხდარა.

"ასეთი რამ უკვე მომხდარა. მე არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის  შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, და ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია". – თქვა ზურაბიშვილმა.

მანვე დაამატა, რომ უარყოფითი შეფასება საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში სრულად მოქცევის საფრთხეს შეუქმნიდა. 

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის". – თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შედეგად ევროკომისიის მოთხოვნებს საბოლოო ჯამში შეასრულებს. ის ასევე თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამაზე დადებით გავლენას იქონიებს.

"მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. [...] იმედი მაქვს, რომ თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს". – თქვა ზურაბიშვილმა. 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასება პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

კომენტარები