მკვლელობა თბილისში

ლილოს ბაზრობის მოვაჭრის მკვლელობა შეუკვეთა – პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ აგვისტოში, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წაუყენა. საგამოძიებო უწყება ერთ-ერთ მათგანს მკვლელობის შეკვეთაში, მეორეს კი მკვლელობაში დახმარებაში ადანაშაულებს.

ასევე, პროკურატურის ცნობით, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ლილო მოლის ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებამ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი იმავე დღეს, 3 აგვისტოს დააკავეს. მკვლელობის შემკვეთი პირის მეგობარი კი, რომელმაც მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი მიუტანა, პოლიციამ 7 ნოემბერს დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემკვეთი მიმალვაში იმყოფება, ამიტომ მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.


3 აგვისტოს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

კომენტარები