მკვლელობა თბილისში

თბილისში, 21 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, 21 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

"ბრალდების მხარის მოსაზრებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, რაც თავად ბრალდებულის პიროვნებაზე იყო დაყრდნობილი - იმაზე, თუ როგორ განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულის ქცევაზე - ის, რომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აგრეთვე იმაზე, რომ ის დანაშაულის ჩადენის იარაღის, დანის გადამალვას შეეცადა". - თქვა საქმის პროკურორმა.

დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

პროცესზე სიტყვით თავად ბრალდებულმაც ისარგებლა.

"იმ ინციდენტის მერე, რაც მოხდა, მე იქიდან იმ მიზნით არ გავქცეულვარ, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ, შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი. მინდოდა, მარტივი გზა მომეძებნა იმისთვის, რომ ჩავბარებულიყავი. იმის შიშიც მქონდა, რომ პოლიციას რამე არ დაეშავებინა. გაქცევა არ მინდოდა". - თქვა ბრალდებულმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

შსს-ს ცნობით, თბილისში 21 წლის გ.ა.-ს განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ლ.გ. 16 მარტს, ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, რიყის პარკში მდებარე ბარი სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში დაიღუპა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები