ოკუპირებული აფხაზეთი

მარიონეტების მტკიცებით, გულრიფშში 7 შეიარაღებულ პირს ეძებენ, სოხუმისკენ ყველა გზა ჩაკეტილია

TASS

აფხაზეთის გულრიფშის რაიონში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების ძალები შეიარაღებულ პირებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა გაავრცელა.

როგორც კიუტი რუსული სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, ადგილობრივმა მონადირეებმა სოფელ აზანტასთან უცხოური იარაღით შეიარაღებული 7 ადამიანი დაინახეს. სოხუმისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია.

"გულრიფშის რაიონის სოფელ აზანტასთან ადგილობრივმა მონადირეებმა დაინახეს შვიდი შეიარაღებული პირი, ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე. ისინი შეიარაღებული იყვნენ უცხოური იარაღით, სავარაუდოდ M-4 ავტომატებით, შავ ფორმებში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად აღჭურვილნი. მათ ასევე ჰქონდათ დრონი, რომელიც დასახლების თავზე დაფრინავდა... ვინ არიან, რა, საიდან - ვარკვევთ, სოხუმთან ყველა მისასვლელი დაკეტილია. თუ შეაღწევენ, ზომებს მივიღებთ". - თქვა კიუტმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად ტელეგრამ-არხი Соловьев LIVE აფხაზეთის ტერიტორიაზე "საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე" წერდა, რომლის მიზანიც "სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელებაა".

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას ქართულ მხარესთან ცდილობს.

კომენტარები