რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონული ასამბლეის წევრი მანქანის აფეთქების შედეგად მოკვდა

ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონული ასამბლეის წევრი მიხაილ ფილიპონენკო მანქანის აფეთქების შედეგად მოკვდა. ინფორმაციას მისი შვილი ადასტურებს.

მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინის დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა აიღო. Telegram-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოხდა "ომის დამნაშავის ლიკვიდირება". 

"წინააღმდეგობის მოძრაობასთან ერთად ჩატარდა ჯალათი ფილიპონენკოს ლიკვიდირების სპეციალური ოპერაცია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

მიხაილ ფილიპინენკო ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში მოსკოვის მხარდაჭერილი ძალების ყოფილი მეთაური იყო.

2010 წლამდე, ფილიპონენკო ლუგანსკის წარმომადგენელი დეპუტატი იყო ამჟამად უკვე უკანონოდ გამოცხადებული რეგიონების პრორუსული პარტიიდან. 

მას შემდეგ, რაც 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირება გამოაცხადა, ფილიპონენკო რუსეთის მარიონეტულ რეგიონულ პარლამენტში რუსეთის ულტრანაციონალისტური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატი გახდა.

უკრაინამ ფილიპონენკოს წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდებით და ის ძებნილთა სიაში დაამატა.

 

კომენტარები