ICC

რუსეთმა ICC-ის კიდევ ერთი მოსამართლე გამოაცხადა ძებნილად

რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე გამოაცხადა ძებნილად.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემების ბაზაში წერია, რომ მოსამართლე სერხიო გერარდო უგალდე გოდინეზი "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე იძებნება". უცნობია, კონკრეტულად რაში ედებება აღნიშნულ მოსამართლეს, თუმცა, რუსეთა ICC-ის მოსამართლეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს.

მანამდე, 26 სექტემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტი, პიოტრ ჰოფმანსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა.  სასამართლოს პრეზიდენტთან ერთად, რუსეთში ძებნა გამოცხადდა ICC-ის ვიცეპრეზიდენტზე, ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსაზე და მოსამართლე ბერტნარ შმიტზე.

2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.

მოსკოვმა პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ICC-ის პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნით უპასუხა. რუსეთში ძებნილადაა გამოცხადებული ჰააგის სასამართლოს რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის, ბრიტანელი პროკურორი კარიმ ხანი და მოსამართლეები, ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა.

კომენტარები