კრიმინალი

მოქალაქეებს უცხოეთში ტურის ორგანიზებას დაპირდა და ფული მიითვისა – 1 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ათობით მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტურების ორგანიზებას დაპირდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული "წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 28 მოქალაქის კუთვნილ ფულად თანხას - 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა".

სამართალდამცავებმა ბრალდებული 6 ნოემბერს დააკავეს, მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები