გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

ზურაბიშვილი: ხვალ, 20:00 საათზე შევიკრიბებით, ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ და ევროპისთვის გზავნილის მისაწვდენად ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებში დაიწყება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა დაგეგმილი იყო კონცერტის ჩატარება, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო გადაიდო, თუმცა, მისივე თქმით, ღონისძიება სხვა სახით მაინც ჩატარდება. 

"ხვალ, 8-ში, 20:00 საათზე ვგეგმავდით დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს, არა ჯერ ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება თუ მივიღეთ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართულნი. ყველა ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი.  

რუსეთმა სცადა დღის წესრიგის შეცვლა და დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და ჩვენ კიდევ ერთხელ  ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპაში გავგზავნით ჩვენს ხმას, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ნება ქართველი ხალხის და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე და დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი პასუხი იქნება, რომ შევალთ ევროპაში და გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის - ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი". - თქვა ზურაბიშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაციით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები