მოლდოვა

მოლდოვაში პრორუსული პარტიის კანდიდატებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ

მოლდოვის განსაკუთრებული სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოლდოვაში პრორუსული ძალების მიერ ახლად რეგისტრირებული The Chance პარტიის კანდიდატებს ეკრძალებათ 5 ნოემბერს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის თქმით, აღნიშნული პარტიის კანდიდატების კამპანია რუსეთიდან, არალეგალურად ფინანსდებოდა.

მოლდოვის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც რუსეთმა პირდაპირ დაიწყო არჩევნების მოსყიდვა და კანდიდატებისთვის ფულის დარიგება.

The Chance პარტიამ ჩაანაცვლა პარტია Shor, რომელსაც ივნისში აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა.

რამდენიმე დღის წინ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა. 

სანდუს თქმით, მოსკოვი ასევე აფინანსებს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს.

სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთმა ორ თვეში დაახლოებით $5 მილიონი დახარჯა "კრიმინალური ჯგუფების" დაფინანსებაში, მათ შორის არის პრორუსი ბიზნესმენის, ილან შორის პარტია, რომელსაც პოლიტიკური აქტივობა ეკრძალება. 

31 ოქტომბერს, მოლდოვამ რუსული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა. გადაწყვეეტილების მიზეზად დასახელდა რუსეთის მცდელობა, მედიის საშუალებით გავლენა მოახდინოს ნოემბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე.

მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ სიაში მოხვდა რუსული მედიები, როგორიცაა: TASS, Interfax, Komsomolskaya Pravda, Lenta.ru და ა.შ.

ამავდროულად, 30 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით, მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა ექვს სატელევიზიო სადგურს, რომლებსაც ბრალად არჩევნებზე გავლენის მოხდენა ედებათ. 

 

კომენტარები