მარნეული

ენმ-ს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ოცნების აქტივისტმა მათი აქტივისტი დაჭრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზად ქარიმოვი
მთავარი არხი

მარნეულში სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

მომხდარს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი, რომელმაც მთავარ არხთან თქვა, რომ დაზარალებული ჰუმბათ ჯალილოვი ენმ-ს, თავდამსხმელი, ასიმ გულიევი კი ქართული ოცნების აქტივისტია.

"დღეს ქართული ოცნების აქტივისტები ჩვენს აქტივისტებს თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს. ქართული ოცნება ამით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების დაშინებას ცდილობს, თუმცა ასეთი დაშინებებით ვერაფერს მიაღწევენ... დღეს მომხდარი ინციდენტი 2020 წლის არჩევნებში მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა. მაშინ ჯალილოვმა ქართული ოცნების აქტივისტი გაყალბების ფაქტზე გამოიჭირა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც როგორც ჩანს, დღემდე გრძელდება და ბოლო არ უჩანს. ვითხოვთ, დამნაშავე მთელი სიმკაცრით დაისაჯოს". - თქვა ქარიმოვმა მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაზარალებულის ნათესავმა ილგარ ალიევმაც.

"ჩემი დეიდაშვილი ჰუმბათ ჯალილოვი გზის პირას ხილს ყიდდა, რა დროსაც ასიმ გულიევი მიუახლოვდა და თოფიდან ესროლა. როცა მეორე ტყვიას დებდა ადგილზე მყოფებმა შეუშალეს ხელი. ჩემი დეიდაშვილი ფეხში დაიჭრა. ის მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ სახლში გაწერეს, ახლა კი პოლიციას დაკითხვაზე ჰყავს. დამნაშავე უკვე დააკავეს. როგორც ვიცი, თავდამსხმელს, ასიმ გულიევსა და ჩემს დეიდაშვილს 2020 წლის არჩევნების პერიოდში კონფლიქტი ჰქონდათ. გულიევი ქართულ ოცნებას ეხმარებოდა, ჰუმბათ ჯალილოვი კი ოპოზიციას. როგორც გავიგე, დღევანდელი დაპირისპირებაც ამ კონფლიქტის გაგრძელება იყო". - თქვა ალიევმა მთავარ არხთან, მათივე თარგმანის მიხედვით.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული.

კომენტარები