რუსეთი

პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის შეთანხმების გაუქმებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის შეთანხმების გაუქმებას. 

პუტინი 1996 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების ინიციატივით პირველად ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა. ვალდაის ფორუმის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ "აშშ-სგან განსხვავებით რუსეთში ბირთვული იარაღის გამოცდების შეთანხმება რატიფიცირებულია და თეორიულად შესაძლებელია ამ რატიფიცირების უკან გაწვევა".

25 ოქტომბრისთვის ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების დატოვებას რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი.

ფედერალური საბჭოს მტკიცებით, ახალი კანონი მათ "ბირთვული იარაღის კონტროლის სფეროში ვალდებულებების თანასწორობის აღსადგენად" მიიღეს. მიღებული დოკუმენტით, რუსეთს შეუძლია რატიფიცირებული შეთანხმება გააუქმოს, თუმცა, "ამავდროულად, დარჩეს ხელშეკრულების მონაწილე, ყველა გამომდინარე უფლებითა და ვალდებულებით".

ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი 187 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, მათგან 178 რატიფიცირებულია. რუსეთმა ხელშეკრულებას 1996 წელს მოაწერა, რატიფიცირება კი 2000 წელს მოხდა.

 

 

კომენტარები