დიდი ბრიტანეთი

"რობინ ჰუდის ხის" მოჭრის საქმეზე ბრიტანეთში კიდევ 2 კაცი დააკავეს

პოლიციის ოფიცრები ადრიანეს კედელთან მოჭრილ მთის ნეკერჩხალთან, 2023 წლის 28 სექტემბერი
Owen Humphreys/PA via AP

დიდ ბრიტანეთში ადრიანეს კედელთან მდებარე, რობინ ჰუდის ხის სახელით ცნობილი მთის ნეკერჩხლის მოჭრის საქმეზე კიდევ 2 კაცი დააკავეს.

ნორთუმბრიის პოლიციის მიერ 1 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე დაკავებული 30 წელს გადაცილებული მამაკაცია და ისინი გირაოს საფუძველზე 31 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

რობინ ჰუდის ხე 1800-იან წლებში იყო დარგული და დაახლოებით 2000 წლის წინ, რომის იმპერიის დროს აშენებულ ადრიანეს კედელთან, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან იდგა. 27-28 სექტემბრის ღამეს ხის მოჭრის შედეგად კედელიც დაზიანდა.

საქმესთან დაკავშირებით აქამდე 16 წლის ბიჭი და 60 წელს გადაცილებული კაციც დააკავეს. ორივე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრიტანეთში "რობინ ჰუდის ხის" მოჭრისთვის 16 წლის ბიჭი დააკავეს

მოჭრილი ხე ოქტომბრის თვეში მოზრდილ ნაწილებად დაჭრეს და ადგილიდან ამწის დახმარებით გაიტანეს. The National Trust-ის ინფორმაციით, მთის ნეკერჩხალი სანდო, უსაფრთხო ადგილას ინახება.

ხის მოჭრის ადგილას დარჩენილი კუნძი ბარიერით არის დაცული. შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან, გამოიღებს თუ არა ნეკერჩხალი ახალ ღეროებს. ამასთან, ნერგების გასამრავლებლად ხის თესლებიც შეგროვდა.

ადრიანეს კედელთან, ორ ბორცვს შორის მდგარი მთის ნეკერჩხალი 1991 წელს ცნობილ ფილმში - რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული - გამოჩნდა. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კევინ კოსტნერი ასრულებს. სწორედ მას შემდეგ შეერქვა ნეკერჩხალს რობინ ჰუდის ხე.

კომენტარები