რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვა-ბელოვა: რუსეთიდან უკრაინაში კატარის შუამავლობით ხუთი ბავშვი დაბრუნდა

რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვა
ALEXANDER NEMENOV/AFP via Getty Images

რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას თქმით, კატარის შუამავლობით 5 უკრაინელი ბავშვი რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ერთი ბავშვი - უკრაინიდან რუსეთში. 

"ასეთი სამმხრივი მუშაობით მოვახერხეთ უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი ბავშვის დაბრუნება, ერთი გოგონა კი რუსეთში დაბრუნდა. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ჯგუფი ემზადება დასაბრუნებლად". - რუსული მედიის ცნობით, თქვა ლვოვა-ბელოვამ.

რუსული მხარე ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში საუბრობდა 2-17 წლამდე ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შესახებ. ამასთან, როგორც ლვოვა-ბელოვა ამბობდა, ამავე თემასთან დაკავშირებით მოსკოვი განიხილავდა 30-ზე მეტ განცხადებას. 

 2022 წლის ივლისში აშშ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთს უკვე 260 000 ბავშვი ჰყავდა დეპორტირებული. მოსკოვის მტკიცებით, მათი უკრაინიდან რუსეთში გადაყვანა ობლებისა და მიტოვებული ბავშვების დაცვას ისახავს მიზნად.

2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები