რუსეთთან ფრენების აღდგენა

კარასინთან საუბარი 2022-ის მარტში შედგა, აზრი მკითხა საავიაციო მიმოსვლაზე – აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი 2022 წლის მარტში ჰქონდა ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე.

ამის შესახებ აბაშიძე ინტერპრესნიუსს ესაუბრა და გამოეხმაურა 31 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მისი და კარასინის საუბარია. 2022 წლის 15 მარტით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, კარასინი აბაშიძეს ქართულ მხარესთან საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვის შესაძლებლობაზე ესაუბრება.

"გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა მასთან ეს და სხვა საკითხები არ განხილულა, თუმცა სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში. მან აზრი მკითხა და დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო.

ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ამ საუბრიდან ჩანს, რომ მე მას ვეუბნები, ფრენების აღდგენა მიზანშეწონილი არ არის. მოგვიანებით რუსეთმა ცნობილი გადაწყვეტილება მიიღო. სკანდალი არ გამოუვიდათ". - უთხრა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას.

კომენტარები