საქართველო-რუსეთი

უსაფუძვლოა სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ – დავითაშვილი პუტინთან ბანკეტზე

ეკონომიკის სამინისტრო

ვიცეპრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ერთი გზა - ერთი სარტყელის ფორუმში მონაწილეობა და ბანკეტზე ვლადიმირ პუტინთან ერთად დასწრება იყო დიპლომატიური პროტოკოლისა და ჩინეთის მიმართ პატივისცემის გამოხატულება.

დავითაშვილი ამბობს, რომ "არანაირი ფარული კომუნიკაცია არავისთან" არ ყოფილა და საქართველოს მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატს იყენებს ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის.

"ჩინეთში დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი ძინპინმა და იქ მისი მიწვევით ვიმყოფებოდით.  ჩვენ ზუსტად ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა - დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი ფორმატი არ არსებობს. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, მოსახლეობის დაბნევის მორიგი მცდელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება. სხვა შემთხვევაში, ეს იქნებოდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან არასწორი დამოკიდებულება. ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა. პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც ჩვენ ასეთ ან  სხვა ფორუმებში ვიღებდით, ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, რადგან  ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს". - თქვა მან.

გამოცემა ინტერპრესნიუსის მიხედვით, დავითაშვილმა ასევე თქვა, რომ სკანდალი, "რომლის შექმნასაც ცდილობენ" - უსაფუძვლოა.

"150 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო ამ ფორუმში, ფორუმს ესწრებოდა მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი, ასევე ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი. 150 ქვეყანა წარმოდგენილი იყო მაღალ დონეზე, დიპლომატებითა და მთავრობის წევრებით. ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა". - ავრცელებს ინტერპრესნიუსი დავითაშვილის სიტყვებს.

27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.

კომენტარები