კანონი მაუწყებლობის შესახებ

ჰერჩინსკი მაუწყებლობის კანონზე: კომუნიკაციების კომისია უნდა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი

European Union in Georgia

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია სრულიად დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს.

"ჩვენ გვაქვს დირექტივა ე.წ. აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც ადგენს სტანდარტებს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, ჰქონდეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება ამ სტანდარტებს და ასევე მოეთხოვება ეს საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია, აბსოლუტურად არსებითი, ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. პარლამენტში მიღებული კანონპროექტი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთან, არის სხვა ელემენტებიც, რომლებიც შეტანილია კანონპროექტში, მათ შორის უხამსობის შესახებ. ჩვენი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ამის განხორციელება და აქ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს" - როგორც პირველი არხი წერს, თქვა ევროკავშრის ელჩმა. 


საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა. კანონის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა არის საჭირო. 

კანონპროექტით იცვლება "სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის" გავრცელებასთან დაკავშირებით თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისის უფლება ექნება, მაუწყებელი დააჯარიმოს.

გარდა ამისა, კანონის ახალ რედაქციაში ქართული ოცნების დეპუტატებმა "უხამსობის" პუნქტი მოქმედი კანონმდებლობის 56-ე მუხლიდან ამოიღეს, უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა) და კომუნიკაციების კომისიის განსჯას დაუქვემდებარეს.

"მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას.

იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“ - წერია კანონპროექტში.

ქართული ოცნების დეპუტატების მტკიცებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-7 პუნქტი შესრულდება.

"2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა." - თქვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები