შსს

შსს: ანა ლაკობა უკრაინის პასპორტით 2018 წელს შემოვიდა და საქართველო იმავე წელს დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის მოქალაქე, ანა ლაკობა, რომელიც უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მხარეს იბრძოდა და ამავდროულად, არღვევს საქართველოს ოკუპაციის კანონს. 

შსს-ს განცხადების მიხედვით, Ganna Ilyasova, იგივე ანა ლაკობა, საქართველოში უკრაინის პასპორტით 2018 წელს შემოვიდა და ქვეყანა იმავე წელს დატოვა, ხოლო მას შემდეგ აღნიშნული პირს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.

აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა". – წერია შსს-ს განცხადებაში.

26 ოქტომბერს, ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქე და არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება. 

ფორმულას მიხედვით, ლაკობამ თბილისში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.  

 

კომენტარები