აშშ-ირანი

სამხედროებზე თავდასხმის პასუხად, აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებს დაარტყა

ამერიკის საჰაერო ძალების F-16 ერაყში, 2008 წელი.
Master Sgt. Andy Dunaway/United States Air Force

სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების პასუხად, აშშ-მ აღმოსავლეთ სირიაში ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსთან კავშირში მყოფ 2 ობიექტზე ავიაგამანადგურებლებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, იერიში F-16-ებით მიიტანეს ბუკამალის მახლობლად მდებარე იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობებზე. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბაზებზე იმყოფებოდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრები.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა დარტყმას.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ სამიზნე ობიექტებზე ინახებოდა ისეთი საბრძოლო მასალა, რომლითაც აქამდე რეგიონში ამერიკელი სამხედროების ბაზებს დაარტყეს.

ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების პარალელურად, რეგიონში გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, მათ შორის ჰეზბოლა, რომლის ელემენტები ლიბანის სამხრეთს აკონტროლებენ და სირიაშიც იმყოფებიან.

კომენტარები