ბალტიის ზღვის მილსადენი

ფინეთი ბალტიის ზღვის მილსადენის დაზიანებაში ჩინურ გემს ადანაშაულებს

ფინეთი ბალტიის ზღვის მილსადენის დაზიანებაში ჩინურ გემს ადანაშაულებს. 

ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს (NBI) ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ მილსადენის დაზიანებაში პასუხისმგებელი ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი ხომალდია. NBI-ს ინფორმაციით, მილსადენი გემის ღუზამ დააზიანა.

NBI-ის მთავარი გამომძიებლის, რისტო ლოჰის თქმით, ზღვის ფსკერზე, სადაც მოხდა მილსადენის დაზიანება, აღინიშნება 6-ტონის სიმძიმის ღუზის კვალი. ფინეთის ფლოტმა გემის ღუზა ზღვიდან შესამოწმებლად ამოიღო.

"არსებობს კვალი ღუზაზე, რაც მიანიშნებს, რომ ის დაეჯახა მილსადენს". – ამბობს ლოჰი.

Balticconnector-ის მილსადენის და ტელეკომუნიკაციების დაზიარება ფინეთმა 10 ოქტომბერს დაადასტურა მას შემდეგ, რაც მილსადენის ოპერატორებმა წნევის შემცირებისა და მილსადენიდან შესაძლო გაჟონვის შესახებ კომპანიას შეატყობინეს. დაზიანება ოპერატორებმა 8 ოქტომბერს შეამჩნიეს. 

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში მდებარე ბუნებრივი აირისა და სატელეკომუნიკაციო სადენები, სავარაუდოდ, "გარე ქმედებების" შედეგად დაზიანდა. 

Baltic Connector-ი კომერციულ ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევიდა და ფინეთ-ესტონეთი ორმხრივი მიწოდების გაზსადენით დააკავშირა.

საული ნიინისტოს თქმით, "ჯერჯერობით დაზიანების გამომწვევი მიზეზი არ დადგენილა, რადგან ფინეთისა და ესტონეთის თანამშრომლობით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს", თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული ფაქტი დივერსიული ქმედება იყო. 

ფინური ბუნებრივი აირის სისტემების მფლობელის Gasgrid-ის ინფორმაციით, ქვეყნების სისტემაში უჩვეულო ვარდნა 8 ოქტომბერს შეამჩნიეს, რის შემდეგაც გაზსადენებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტეს. 

ფინეთის მთავრობის მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან კი გაირკვა, რომ ბუნებრივი აირის მილსადენთან ერთად, სატელეკომუნიკაციო კაბელიც დაზიანებულია.

ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Elisa-ს განცხადებით, სატელეკომუნიკაციო ზღვის კაბელი მწყობრიდან დაახლოებით იმავე დროს გამოვიდა, როცა ბუნებრივი აირის მილსადენებში წნევის ვარდა დაფიქსირდა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, იგი ფინეთის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა დაზიანებული ზღვისქვეშა ინფრასტრუქტურის შესახებ და მოკავშირეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, თუ დადასტურდება, რომ ბალტიის ზღვის მილსადენის დაზიანება მიზანმიმართული იყო, მაშინ NATO-ს სათანადო პასუხი ექნება. NATO-ში გაზსადენის დაზიანების შესახებ იმსჯელებენ ფინეთისა და ესტონეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით. 

კომენტარები