სარკისებურად განიხილება ჩინეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება – მინისტრი

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში 8 წლის შემდეგ პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, სადაც ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის საკითხი განიხილეს.

დავითაშვილის თქმით, ჩინეთი, როგორც ერთ დროს აქტიური ინვესტორი საქართველოში, კვლავ გააქტიურდება, რაც ტურიზმის დინამიკაზეც აისახება. ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება კი, როგორც თავად აღნიშნა, უკვე პოზიტიურად არის აღქმული.

"დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ თუ ჩვენ გვექნება მეტი პირდაპირი ხაზი ჩინეთის ქალაქებთან, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მივიღოთ". - თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში სავიზო რეჟიმის გაუქმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს უფრო გაამარტივებს.

"იმაზეც ისაუბრეს, რომ სარკისებურად განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება, რისი იმედიც მაქვს მე, ჩინეთის მთავრობის მხრიდან, რაც სავაჭრო ეკონომიკურ კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის.

ძალიან პოზიტიური იყო კომისიის მუშაობა და დაიგეგმა რეგულარული კომისიის ჩატარება მომდევნო წლებშიც, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად სრულდებოდეს ეფექტურად". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

2023 წლის 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.

კომენტარები