რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: დარია დუგინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ააფეთქა

დარია დუგინას მოსახსენიებელი ცერემონია მოსკოვში, 2022 წლის აგვისტო.
Kirill Kudryavtsev/Agence France-Presse — Getty Images

როგორც ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რუსი ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ააფეთქა. მთავარი სამიზნე თავად ალექსანდრ დუგინი იყო.

2022 წლის 20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინის აგენტმა ქალმა კატის გადასაყვანი ყუთით შეიტანა. მას მესაზღვრეებმა ყურადღება არ მიაქციეს, რადგან 12 წლის ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა.

ეს ინფორმაცია ნახსენებია მასალაში, რომელიც უკარინის უშიშროების ორგანოებისა და აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) კავშირებსა და ომის დროს კოოპერაციას ეხება. სტატია გამოცემამ ორივე ქვეყნის უსაფრთხოების 20-მდე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მოამზადა.

როგორც WP-ს უკრაინელი და ამერიკელი წყაროები აღნიშნავენ, ორივე ქვეყანაში ოფიციალურ პირებს აშფოთებდათ ფაქტი, რომ СБУ ომის მხარდამჭერს პირებზე თავდასხმებს რუსეთში არასაომარ ვითარებაში ახორციელებდა.

როგორც WP წერს უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა და დაზვერვის მთავარმა სამმართველომოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში მკვლელობის ათობით ოპერაცია ჩაატარეს. სამიზნეებს შორის იყვნენ წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, რომელიც კრასნოდარში, პარკში სირბილის დროს მოკლეს და სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებული სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი.

მსგავსმა ოპერაციებმა WP-ს ცნობით, CIA-სა და უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოებს შორის ურთიერთობა გაართულა.

მსგავსი თავდასხმებით უკმაყოფილოა უკრაინის უსაფრთხოების ზოგიერთი თანამშრომელიც და WP-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მტრები არიან "გასანეიტრალებელი", მათ შორის ისინი, ვინ რაკეტებს უშვებენ. ზოგიერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მსგავსი ტაქტიკები მომავალში შეიძლება პრობლემად იქცეს. CIA-ის თანამშრომელმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ მსგავსი ოპერაციები რუსეთისთვის სახიფათოა, თუმცა უფრო დიდ საფრთხესაც მოიცავს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინის უსაფრთხოების ძალები სამიზნეში ამოიღებენ მესამე ქვეყნებში, განსაკუთრებით NATO-სა და ევროკავშირის ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსებს, ამან შეიძლება კიევის დასავლელ პარტნიორებთან უთანხმოება გამოიწვიოს. 

"ჩვენ 1970-იანების მოსადის მსგავსი სადაზვერვო სამსახურების დაბადების მომსწრეები ვართ". – აღნიშნა WP-სთან CIA-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

WP აღნიშნავს, რომ აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების ორგანოებთან თანამშრომლობა 2014 წლის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად მათ უწევდათ СБУ-სთან ურთიერთობა, თუმცა ეს ამერიკელ პარტნიორებს უხერხულობას უქმნიდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ორგანო, რომელშიც ბევრი ყოფილი საბჭოთა კადრი მუშაობდა, რუსეთის აგენტების მიერ ინფილტრირებული იყო. ამიტომ ამ ორგანოში დაარსდა მეხუთე დანაყოფი, რომელსაც ამერიკელები უშუალოდ ამზადებდნენ. როგორც WP წერს, შემდეგში შეიქმნა მე-6 სამმართველოც, რომელსაც კავშირი აქვს დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ორგანო MI6-თან. 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ამერიკელები უფრო პოზიტიურად განწყობილი იყვნენ ГУР-ის, ანუ დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიმართ, რადგან ეს შედარებით პატარა და ახალი ორგანო იყო, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მუშაობდნენ. ვაშინგტონში მიაჩნდათ, რომ ГУР-ისგან განსხვავებით, СБУ-ს რეფორმაცია შეუძლებელი იყო.

"ГУР-ი ჩვენი პატარა ბავშვივით იყო. ვაძლევდით შეიარაღებასა და ვწვრთნიდით. [მათი ოფიცრები] ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და არა საბჭოთა დროის კგბ-ს გენერლები, მაშინ, როცა СБУ რეფორმირებისთვის ძალიან დიდი იყო". – თქვა WP-სთან აშშ-ს დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებთან მუშაობდა.

მასალაში ხაზგასმულია, რომ უკრაინის სპეცსამსახურები 2014-15 წლების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტების ლიდერებზე საიდუმლო თავდასხმებს აწყობდნენ და მათ შეძლეს გივის სახელით ცნობილი მიხაილ ტოლსტიხისა და ევგენი ჟილინის ლიკვიდაცია.

ამას გარდა, როგორც WP-ს წყაროები ამბობენ, უკრაინელებმა საზღვაო დრონები სწორედ CIA-ისა და სხვა დასავლური სადაზვერვო სააგენტოების დახმარებით შექმნეს.

კომენტარები