რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ომის დაწყებიდან უკრაინაში 480 000-მდე რუსი სამხედრო მოკვდა ან დაშავდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ომში რუსეთის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, 22 ოქტომბრის ჩათვლით, უკრაინაში, ჯამში, 480 000-მდე რუსი სამხედრო დაშავდა ან მოკვდა. აქედან, 150 000 -190 000-მდე მოკვდა, ან სამუდამო დაზიანება მიიღო, ხოლო 240 000 - 290 000-მდე სამხედრო დაშავდა, თუმცა, შესაძლებელია მათი გამოჯანმრთელება და ბრძოლის ველზე დაბრუნება. 

აღნიშნული მონაცემები არ ითვალისწინებს დაჯგუფება ვაგნერის წევრებს.

ამასთან ერთად, ბრიტანული დაზვერვა ადასტურებს, რომ ბოლო კვირის მანძილზე რუსეთის თავდასხმას ქალაქ ავდიივკაზე რუსეთისთვის კოლოსალური ზიანი მოჰყვა.

20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში ვიზიტისას თქვა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე, ავდიივკას ქალაქთან უკრაინის ძალებმა კიდევ ერთი ძლიერი შეტევა მოიგერიეს.   

"მადლობა ჩვენ ბიჭებს, რომლებიც მყარად ამაგრებენ დაცვის ხაზს ყოველდღიურად და ანადგურებენ ოკუპანტებს. ამ დღეებში, რუსეთის დაღუპულთა რიცხვი საოცრად იმატებს და ეს ოკუპანტების ზუსტად ის დანაკარგია, რაც უკრაინას სჭირდება". – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადების მიხედვით, ქალაქ ავდიივკაზე წარუმატებელ თავდასხმას ოკუპანტებისთვის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის "რეკორდულად მაღალი დანაკარგი" მოჰყვა.

კომენტარები