არალეგალური ვაჭრობა

ესპანეთში არალეგალური ვაჭრობის ქსელიდან 400-ზე მეტი ცხოველი დაიხსნეს

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონასთან ახლოს არალეგალური ვაჭრობის ქსელიდან 400-ზე მეტი ცხოველი, ძირითადად კატები და ძაღლები, დაიხსნეს.

დაჯგუფების წევრებს ცხოველები ესპანეთში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ანდორის გავლით, არალეგალური გზებით შემოჰყავდათ და შემდეგ სარგებლის მიღების მიზნით ყიდდნენ.

ამავდროულად, დაჯგუფების წევრები ბრალდებულნი არიან ცხოველების დოკუმენტების გაყალბებაშიც, სადაც ისინი წერდნენ, რომ ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ცხოველებს სხვადასხვა სახის დაავადებები ჰქონდათ.

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სამართალდამცვლებმა ჯამში 13 ადამიანი დააკავეს.

ჩამორთმეული ცხოველები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ, ამჟამად ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

სამართალდამცველთა ცნობით, ცხოველების ძირითადი ნაწილი ძვირადღირებული და იშვიათი ჯიშის ძაღლები და კატები იყვნენ.

მათი თქმით, ცხოველების ტრანსპორტირება არასანიტარულ პირობებში და გრძელი გზებით ხდებოდა, საბარგულებში გამოკეტილ ცხოველებს 2 000-ზე მეტი კილომეტრის გავლა უწევდათ. მსგავსი პირობები კი ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელებას იწვევდა.

კომენტარები