საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი

საიტები სრულად არის ინტერნეტსივრციდან გათიშული, ეს არის ბოლო ეტაპი – ზურაბ ბეჟაშვილი

Adjaranet.com

პირატული გვერდები adjaranet.com, adjaranet.to და imovies.ge კვლავ გაითიშა. ასევე, ამოღებულია სერვერები, სადაც პირატულ გვერდებს ფაილები ჰქონდათ განთავსებული.

"პირატულ გვერდებთან ბრძოლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო ეტაპი. ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო სერვერები, რომელსაც პირატული გვერდები იყენებდნენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რამდენად ეკუთვნოდა აღნიშნული სერვერები ქლაუდ ცხრას, ან მოასწრეს თუ არა მათ ფილების სხვა სერვერზე გადატანა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საიტები სრულად არის ინტერნეტსივრციდან გათიშული". - თქვა საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა ბიზნეს ფორმულას ეთერში.


2022 წლის აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ არალეგალური კონტენტის მქონე საიტების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ინტერნეტში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონითაა აკრძალული.

კომისიის განცხადებით, ვებგვერდებს, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, თითქმის ორწლიანი ვადა მისცეს, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

კომისიის განცხადებით, ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი იყვნენ, მოეხდინათ რეაგირება და მიეღოთ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.

კომენტარები