პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ბოკუჩავა: იმპიჩმენტის პროცესი დღეს დასრულდა ივანიშვილის მარცხით

იმპიჩმენტის პროცესი დღეს დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან მან ვერ მიაღწია მის მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი. ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. იცით, რომ ევროკომისიამ უნდა მიიღოს ორ კვირაში გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის შესახებ. იცით, რომ ჯოზეფ ბორელმა, რომელსაც პირადად შევხვდი, მათ შორის ამ პარლამენტში, განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ძალიან ნეგატიურად არის აღქმული ბრიუსელში და შესაბამისად, ეს არის წინაღობა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს. ამ მიზანს მიაღწია ივანიშვილმა, რომ ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო ძალიან მტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები და ბრალდებები ჩვენი ფრაქციის წინააღმდეგ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან განვმარტეთ საზოგადოებისთვის: ჩვენ არ მივიღებთ ამ პოლიტიკური ცირკის არც ერთ მოქმედებაში მონაწილეობას, არც რეგისტრაციაში, არც განხილვაში, არც კენჭისყრის პროცედურაში. ოცნებამ კი მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მიიღო, მაგალითად, რუსულ კანონზე, ასევე დღესაც, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეალურად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ასრულებს რუსულ დავალებებს და რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს ჩვენი ქვეყნის სვლას ევროპისკენ. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მას შემდეგ, რაც პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა

კომენტარები