პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ჩუგოშვილი იმპიჩმენტზე: ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური პროცესის ნაწილად ქცევა

ჩვენ განხილვების დროს პარლამენტის წარმომადგენლებს დავუსვით კითხვა, რომ არსებობს არაერთი კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი მთავრობის წევრებისა და პრემიერმინისტრის მხრიდან, ეს ძირითადად შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას და თუკი მათთვის ასეთი ძვირფასია კონსტიტუციის დარღვევა, რატომ არ რეაგირებენ მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის მრავალჯერად დარღვევაზე, რაზეც გვითხრეს, რომ ჩვენ არ ვთვლით ამას პოლიტიკურად მიზანშეწონილადო. მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება იმ დროს, როდესაც საკითხი ეხებოდა პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე მხარდაჭერის მიღების მცდელობას.

ნამდვილად ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილება არის მმართველი ხაზის პოლიტიკური ხაზის გაგრძელება და ეს ძალიან ნათლად იკვეთება - ჩვენ თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ დასკვნას, ვნახავთ, როგორ არის იდენტურად გამეორებული ის მიდგომები, რაც პარლამენტის მხრიდან იყო შემოთავაზებული. საკონსტიტუციო სასამართლომ ისიც არ გააკეთა, რომ ცოტა ღრმად შესულიყო მსჯელობაში და რაღაც სხვა შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის. პირდაპირ ადგა და გაიმეორა, რასაც ამბობდა პარლამენტი. ამიტომ, ჩემთვის საინტერესო არის იმ მოსამართლეების აზრების წაკითხვა, რომლებიც არ ეთანხმებიან ძირითად დოკუმენტს, ისინი როგორ ხედავენ, თუმცა პასუხი არის, რომ - დიახ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილად ქცევა საკონსტიტუციო სასამართლოსი, რაც თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს დააზიანებს ყველაზე მეტად.

ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, თამარ ჩუგოშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.

კომენტარები