2023 წლის პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები

პოლონეთის არჩევნების ეგზიტპოლის მიხედვით PiS-მა 36.8% აიღო, ოპოზიციამ ერთად - 53.4%

დონალდ ტუსკი, პოლონეთის პარტია სამოქალაქო კოალიციის ლიდერი

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის 2023 წლის არჩევნებში მოპოვებული ადგილების რაოდენობით მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა (PiS) ლიდერობს, თუმცა PiS-მა შესაძლოა მმართველობის მესამე ვადით გახანგრძლივება ვერ შეძლოს.

Ipsos-ის ეგზიტპოლის მიხედვით, PiS-მა ხმათა 36.8%, ხოლო  სამოქალაქო კოალიციამ (KO) 31.8% აიღო.

მმართველი ძალა PiS, იაროსლავ კაჩინსკის ლიდერობით, უკვე 8 წელია რაც პოლონეთს მართავს.  

პოლონეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინში

მთავარი ოპოზიციური პარტია სამოქალაქო კოალიცია, რომლის ლიდერიც დონალდ ტასკია, დიდი ალბათობით კოალიციას შექმნის ორ ოპიზიციურ პარტიასთან - მესამე გზა და ახალი მემარცხენეები - რომლებმაც არჩევნებში შესაბამისად 13% და 8.6% აიღეს. ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიამ კონფედერაცია ხმების 6.2% აიღო, რაც წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით ბევრად უარესი მაჩვენებელია.

ხმათა რაოდენობის ასეთი გადანაწილებით PiS-მა 460-ადგილიან პარლამენტში 200 ადგილი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ ჯამში - 248 ადგილი. დანარჩენი 12 ადგილი პარტია კონფედერაციამ მოიპოვა.

მმართველი პარტიის პოლიტიკის კრიტიკოსების თქმით, 2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ PiS-მა პოლონეთის სასამართლო სისტემა და საზოგადოებრივი მედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციეს.

ხმების დათვლა ახლაც მიმდინარეობს და არჩევნების ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

კომენტარები