აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მ დაასანქცირა ორი კომპანია, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა

Reuters

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ კომპანიას, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებული რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს არ იცავდნენ

რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს. ფასის ლიმიტის დაწესების მიზანი კრემლის შემოსავლის შეზღუდვაა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ტანკერი Primorye-ი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რუსული ნავთობის ბარელს 75 დოლარად ყიდდა, ხოლო თურქული კომპანიის კუთვნილი ტანკერი YasaGolden Bosphorus-ი ერთ ბარელს 80 დოლარზე მაღალ ფასად ყიდდა. აშშ-ს ინფორმაციითვე, გემის მფლობელები იყენებდნენ ამერიკული კომპანიების მომსახურებას, რამაც აშშ-ს სანქციების დარღვევაში ბრალის დადების საშუალებას მისცა.

რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს ყიდის დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად წესები გაამკაცრონ. 

ჯერ კიდევ ივლისში Financial Times-ი სტატიაში წერდა, რომ რუსული კომპანიები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის გამო ნავთობს დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილ ლიმიტზე მაღალ ფასად ყიდიან

ბალტიისპირეთის პორტებიდან ინდოეთისკენ მიმავალი რუსული გემების მიერ ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტების შესწავლის საფუძველზე, გამოცემა აღნიშნავს, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში რუსული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, შესაძლოა, $1.2 მილიარდს შეადგენდეს. 

G7-ის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის მიზანი რუსეთის შემოსავლების შემცირებასთან ერთდ მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის ნაკადის შენარჩუნებაა. ამასთან, ფასის ლიმიტი არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვის დაწესებას ტრანსპორტირების ხარჯებზე. 

გამოცემა ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ივლისში ლიმიტის დაწესების შემდეგ სატვირთო ხარჯების გარეშეც კი მაქსიმუმს მიაღწია. 

კომენტარები