Yandex Taxi

ნიდერლანდებში YANDEX-ის ტაქსის აპლიკაციას ამოწმებენ, ეჭვია კომპანიის ФСБ-სთან კავშირზე

ნიდერლანდებში Yandex-ის ტაქსის აპლიკაციას პერსონალური მონაცემების დაცვის სააგენტო შეამოწმებს. უწყებას ეჭვი აქვს, რომ კომპანია ФСБ-ს აწვდის მონაცემებს.

"ვადასტურებთ, რომ Yandex-ის წინააღმდეგ გამოძიება დავიწყეთ". – თქვა ნიდერლანდების პერსონალური მონაცემების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა.

Yandex Group-ის განცხადებით, "სრულად ვიცავთ GDPR-სა და იმ ქვეყნების კანონებს, სადაც ვოპერირებთ". მათი მტკიცებით, კომპანია დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს და ინარჩუნებს "გამჭვირვალე სამუშაო რეჟიმს მონაცემთა დაცვის ორგანოებთან, რათა მუდმივად გააუმჯობესოს მონაცემთა დაცვის პრაქტიკა". 

"გვინდა, ასევე ავღნიშნოთ, რომ დიალოგის ფორმატში ვართ  და ვთანამშრომლობთ ნიდერლანდების მარეგულირებელ უწყებასთან.  აღსანიშნავია ისიც, რომ  ფინეთისა და ნორვეგიის მონაცემთა დაცვის ორგანოებმა არც თუ დიდი ხნის წინ დაადასტურეს ქვეყნებში სერვისის გაგრძელების შესაძლებლობა და გადაუდებელი მოკვლევა დაასრულეს" - წერია Yandex Group-ის განცხადებაში.

2022 წლის დეკემბერში რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ტაქსის ოპერატორმა კომპანიებმა საჭიროების შემთხვევაში ФСБ-ს უნდა მიაწოდონ მონაცემები მგზავრების შესახებ. კანონის აღსრულება მიმდინარე წლის 1 სექტემბერიდან დაიწყო. 

საერთაშორისო ბაზარზე Yandex-ის ტაქსის კომპანია სახელებით Yango ან Yandex Go არის წარმოდგენილი. ომის მიუხედავად Yandex ოპერირებს ისრაელში, ნორვეგიაში, ფინეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, სომხეთსა და საქართველოში.

რუსეთში კანონის მიღების შემდეგ Yandex-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არ ექნებათ წვდომა უცხოეთის მონაცემებზე, თუმცა ცნობილია, რომ კომპანიის ყველა სერვერი მონაცემებით რუსეთშია.

კომენტარები